Accessibility links

უკრაინის ვერხოვნა რადას წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა


აქცია ვერხოვნა რადას წინ

კიევში საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას, წინ 17 ნოემბერს მიმდინარე მეწარმეთა მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ვერხოვნა რადასთან შეკრებილი მეწარმეები, სულ მცირე 1000 კაცი, აპროტესტებენ სალარო აპარატების შემოღებას და მოითხოვენ მცირე ბიზნესისათვის დაწესებული კარანტინის გაუქმებას და ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც გაამარტივებს დაბეგვრის არსებულ სისტემას.

გავრცელებული ცნობით, მცირე შეხლა-შემოხლა მაშინ მოხდა, როდესაც ეროვნულმა გვარდიამ და პოლიციამ სცადა ცოცხალი დერეფნის გაკეთება, რათა უკრაინელ კანონმდებლებს რადას შენობაში შესვლა შეძლებოდათ.

კიევში მიმდინარე საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მინისტრთა კაბინეტი კარანტინში“, მცირე და საშუალო ბიზნესის რამდენიმე გაერთიანების და მეწარმეთა პროფკავშირის მიერაა ორგანიზებული.

კიევის გარდა, წინა დღით საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ნიკოლაევსა და როვნოში. ხოლო ქალაქ ვინიცაში მეწარმეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

დემონსტრანტები ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 14 ნოემბერს შემოღებული ორკვირიანი კარანტინის გაუქმებას. ე.წ. უქმე დღის კარანტინი უკრაინის ხელისუფლებამ შემოიღო ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას მოქმედებს და ამ პერიოდში დახურულია რესტორნები, სპორტკლუბები და გასართობი დაწესებულებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG