Accessibility links

site logo site logo

ომბუდსმენის რელიგიათა საბჭო მიესალმება მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს


მეჩეთი და ეკლესია ძველ თბილისში

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში რელიგიათა საბჭო მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობას და აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტში მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი საფუძველი რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერაა.

"ვსარგებლობთ შემთხვევით და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხალხსა და მთავრობას მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კეთილდღეობის განმტკიცებისა და განვითარებისკენ მიმართული დიდი ძალისხმევის გამო, ასევე იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში აშშ მტკიცედ უჭერს მხარს რელიგიის თავისუფლებასა და ტოლერანტობას.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და 32 რელიგიური გაერთიანებაა გაწევრიანებული, წლებია, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, იცავს რელიგიის თავისუფლებასა და ტოლერანტული ურთიერთობების ღირებულებებს. ამ საქმიანობაში ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას.

ერთობლივი ძალისხმევის გაწევით, ჩვენ მივაღწიეთ არა ერთ წარმატებას, ამ კუთხით განხორციელდა არა ერთი სასიკეთო ცვლილება, მაგრამ, ასევე დარჩა ბევრი გადაულახავი პრობლემა, მათ შორის სისტემური დისკრიმინაცია და აგრესიული, შეუწყნარებელი გარემო”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გამოთქვამს რწმენას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერასა და, მათ შორის, საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების კუთხით არ დაიშურებს ძალისხმევას.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის თბილისში თურქეთიდან ჩამოვა.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე ითქვა, შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან უკავშირდება რელიგიის თავისუფლების საკითხს, რასაც მაიკ პომპეო ასევე განიხილავს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს პირველთან შეხვედრისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც, თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისრაელში გაემგზავრება, შემდეგ კი ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG