Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახი კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა


კახი კახიაშვილი
კახი კახიაშვილი

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ვეტერანმა ძალოსანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა განცხადება. კახიაშვილმა დაწერა, რომ პოსტს ფედერაციის წესდების თანახმად ტოვებს, მაგრამ თუ საზოგადოების სურვილი იქნება, საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

ძალოსნობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა წლის ბოლომდე გაიმართება. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, კანდიდატურის წამოყენებას კახი კახიაშვილიც აპირებს. ყრილობამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი შეასრულებს.

„მეგობრებო, ძალოსნობის ფედერაციის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მე და ჩემმა გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში შევძელით ის, რომ სტაბილურად საუკეთესოები ვიყავით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლებში, საქართველოში არაერთხელ დაგვასახელეს საუკეთესო ფედერაციად. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელის, სპორტსმენის თუ ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაშიც არაერთხელ დაგვიმსახურებია საუკეთესოს სახელი ქალთა და კაცთა შორის...

...მე მჯერა საქართველოს ძალოსნობის მომავლის. მას აქვს დიდი პერსპექტივა, მოდის ახალი, ძლიერი თაობა იმ ბაზებზე, რომელიც შევქმენით ამ 5 წელიწადში. მიზანი ბევრია, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახალი გამარჯვებების მოლოდინი. მე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი დღეს წესდების თანახმად ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. ფედერაციას ვუსურვებ მალე აირჩიოს შესაბამისი, ღირსეული ხელმძღვანელი. თუ ძალოსნობის საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ რომ გავაგრძელო ხელმძღვანელობა, მზად ვარ ხელახლა წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა. წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - დაწერა კახი კახიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG