Accessibility links

site logo site logo

ელჩი დავით ბაქრაძე ასახელებს საკითხებს, რომლებიც მაიკ პომპეოსთან შეხვედრებზე განიხილება


დავით ბაქრაძე

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ლაპარაკობს იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც დაეთმობა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრები.

„ჩვენ გვექნება აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების შესახებ საუბარი და ეს მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას, დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც საქართველომ უკვე აჩვენა, რომ არის რეგიონში ყველაზე სანდო პარტნიორი“, - თქვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფმა დავით ბაქრაძემ.

დიპლომატი ამბობს, რომ აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. „აშშ-მა დაამტკიცა წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, საქართველოს მხარდამჭერი აქტით, აპროპრიაციების აქტით და რასაკვირველია, ველოდებით, რომ ამ ვიზიტით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - თქვა ბაქრაძემ და დაამატა, - „რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია. Covid-19-ის და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება აშშ-ის მხრიდან, როგორც საქართველოსთან, ასევე რეგიონთან, საქართველოს გავლით, იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ, ასევე, განვიხილავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად“.

ელჩი ამბობს, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს აშშ- საქართველოს ურთიერთობებს, რომელიც, ბაქრაძის შეფასებით, უმაღლეს ნიშნულზეა.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ის თბილისში თურქეთიდან ჩამოვა.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG