Accessibility links

logo-print logo-print

ზალკალიანი პომპეოსთან შეხვედრაზე: ვისაუბრებთ მეტი ამერიკული კომპანიის ყოფნაზე საქართველოში


დავით ზალკალიანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროზე ამახვილებს ყურადღებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, მხედველობაში მაქვს ის უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი. ზუსტად ამ დროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ვიზიტი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტზე ჩვენ დიდი ხანის განმავლობაში ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქარველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე და ყველაზე ძლიერი დასაყრდენი“, - თქვა ზალკალიანმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, ყველა თანხმდება, როგორც საქართველო, ისე ამერიკული მხარე, რომ, როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით.

როგორც ზალკალიანი ამბობს, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრებთ მეტ ინვესტიციებზე, მეტი ამერიკული კომპანიის ყოფნაზე საქართველოში“, - თქვა მინისტრმა.

ზალკალიანს ჰკითხეს, შეხვედრაზე განიხილება თუ არა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული ვითარება. ის პასუხობს: „ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა და მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მუდმივი პროცესია და ჩვენ აქეთკენ მივისწრაფვით. იქნება, რა თქმა უნდა, ამ თემებზე საუბარი“.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ჩამოვიდა მაიკ პომპეო.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

2019 წლის 11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG