Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღი - გაფრთხილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის?


ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი

ცხინვალსა და სოხუმში ყარაბაღის მთავრობასა და მოსახლეობას ღიად უცხადებენ თანაგრძნობას, თბილისში კი ექსპერტები ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტზე ალაპარაკდნენ.

მსგავს კონფლიქტურ ტერიტორიებს მსგავსი ბედი და გამოცდილება აქვთ. ყველას ახსოვს, თუ როგორ მოიქცა რუსეთი 2008 წელს და ახლაც იგივე მოლოდინი ჰქონდათ - თუ პირდაპირ სამხედრო ჩარევას არა, ისეთ ღონისძიებებს მაინც ელოდნენ, რომელიც ყარაბაღის დაცემას შეუშლიდა ხელს, მაგრამ ამაოდ.

ახლა ყველას ენის წვერზე ადგას „ყარაბაღი ჩააბარეს“, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ „ყარაბაღი გადაარჩინეს“. გასაგებია, რომ ამ მოვლენების მიმართ გულგრილი არ არის ის მოსახლეობა, რომელიც მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული. ყარაბაღის თანაგრძნობით ისინი მის ადგილას საკუთარ თავსაც აყენებენ.

ისევე როგორც ბევრი ქართველი მკვლევარი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რეგიონში თურქეთის გავლენა იზრდება და, აქედან გამომდინარე, ახალი ტენდენციებიც იკვეთება.

„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არაფერ ახალს არ უნდა ველოდოთ. რუსული გარანტიები, განსხვავებით ყარაბაღისგან, სწორედ ამ ტერიტორიებზე ვრცელდება. თუმცა, ამავე დროს, ტერიტორიის დაბრუნების პრეცედენტი ნამდვილად არის და სოხუმშიც და ცხინვალშიც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ მუდმივი არაფერია“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

„ეხო კავკაზამ“ ეს კითხვა რუს ექსპერტებთან გადაამისამართა: „უნდა დაფიქრდნენ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი?“

პოლიტოლოგი დენის სოკოლოვი ამბობს, რომ არ ღირს, ყარაბაღის გამოცდილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პირდაპირ გადმოიტანონ.

„არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყარაბაღის შემთხვევა განმეორდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სხვა პოლიტიკური ვითარებაა. საქართველო აზერბაიჯანი არაა, ანუ თბილისი დღეს არ არის რეგიონში არსებული სერიოზული სამხედრო ძალის პირდაპირი აგენტი. ასე რომ, ყარაბაღს, უშუალო ზემოქმედების თვალსაზრისით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ შევადარებდი. თუმცა შეიძლება შევადაროთ იმ კუთხით, რომ რუსეთი, როგორც იმპერია, სამხრეთ კავკასიას ტოვებს, ანუ, წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედი.

- ანუ, თქვენი აზრით, პრობლემები როდისმე მაინც წარმოიქმნება?

- მაშინ, როცა იმპერიის დაშლის შემდეგი ფაზა დადგება“.

პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო, პირიქით, მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდ ძვრებს შორეულ მომავალშიც არ უნდა ველოდეთ. მისი აზრით, ყარაბაღის კონფლიქტი ცალკე დგას დნესტრისპირეთის, დონბასის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებისგან.

„მთიანი ყარაბაღი - ეს სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემაა, მაგრამ თუ ამ პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა თურქეთი, გინდაც ნიკარაგუა ჩავრთოთ, სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო პოლიტიკიდან ვინმეს ჩართვა ძალიან პრობლემატურია. ვის მოიზიდავ? შვედეთს? ცდა შეიძლება, მაგრამ არ გამოვა. ყარაბაღი - ეს არის ორი სუბიექტის კონფლიქტი - აზერბაიჯანისა და სომხეთის. აქ რუსეთი შუამავალია, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - მონაწილე. რა შუამდგომლობა შეიძლება იყოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის? არანაირი. ამიტომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შედარების. არაფერი საერთო აქ არ არის და არც შეიძლება იყოს“, - მიიჩნევს მალაშენკო.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG