Accessibility links

site logo site logo

დევიდ კრამერი მაიკ პომპეოს „დიდ შეცდომას“ უწოდებს ქართულ ოპოზიციასთან მის არშეხვედრას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, „დიდ შეცდომას“ უწოდებს იმას, რომ საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩასული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო არ ხვდება ქართულ ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შედეგებს და პროტესტის ნიშნად უარს ამბობს მანდატებზე.


„ის ჩადის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება და ყველა ძირითად პოლიტიკურ აქტორთან არშეხვედრა, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ აშშ და მაიკ პომპეო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარესაა. ამით პომპეო აშშ-ის დისკრედიტაციის რისკს ზრდის საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტში, რომლებსაც „ქართულ ოცნებისთვის“ არ დაუჭერიათ მხარი“, – წერს დევიდ კრამერი კონსერვატიულ საიტ „The Bulwark-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.



კრამერი მკითხველს შეახსენებს, რომ მაიკ პომპეო საქართველოში ჩავიდა იმ დროს, როდესაც შაბათს ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის არჩევნები იმართება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

დღის წესრიგის თანახმად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, რომ კომპრომისისკენ წაახალისოს ძირითად პოლიტიკურ ძალები საქართველოში, რომლებმაც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა საარჩევნო თემატიკაზე.



„აშშ-მა, რომელსაც 1991 წლის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მრავალი წლის განმავლობაში, აქვს დიდი გავლენა საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, არ უნდა დაუშვას, რომ ასეთ არასტაბილურ რეგიონში ფორმირების პროცესში მყოფი დემოკრატია გადაიზარდოს ერთპარტიულ მმართველობაში, რაც მას კიდევ უფრო დაუცველს გახდის რუსეთის დიქტატის წინაშე“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.



დევიდ კრამერი „ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი, არის ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სკოლის ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების პროგრამის უფროსი მკვლევარი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG