Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში შეხვედრებს გამართავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს თბილისში შეხვდება საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს. შეხვედრები 9:30 საათიდან იწყება.

მაიკ პომპეო ჯერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება „ორბელიანების სასახლეში“, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.

მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც, თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

მთავრობის ადმინისტრაციიდან სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში გაემართება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შესახვედრად, შემდეგ კი სასტუმრო „შერატონში“ შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება და შემდეგ ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG