ბავშვი დაიღუპა და სულ მცირე 5 ადამიანი დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ყველაზე დაცულ რაიონზე, „მწვანე ზონაზე“ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად. ბაღდადის ამ რაიონში მდებარეობს ერაყის არაერთი სახელმწიფო დაწესებულება და საელჩოები.
სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ „კატიუშას“ ტიპის 7 რაკეტიდან 4 „მწვანე ზონის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და 3 ამ ზონის მიღმა.
სააგენტო AP ერაყის უშიშროების ძალების ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი იერიში განხორციელდა დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინის მახლობლად, აშშ-ის საელჩოს შენობიდან 600 მეტრში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
სარაკეტო იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა გამოაცხადა, რომ 15 იანვრისთვის ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 3000-დან 2500-მდე შემცირდება.
დაწერეთ კომენტარი