Accessibility links

site logo site logo

მაიკ პომპეომ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელით დაადასტურა ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ამის შესახებ იუწყება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

დღესვე მაიკ პომპეო შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG