Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

"ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება.

"ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში", – თქვა პრეზიდენტმა.

მაიკ პომპეო მეუღლესთან, სიუზენ პომპეოსთან ერთად თბილისს 17 ნოემბერს, საღამოს ეწვია. მისი ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე გამართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG