Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას შეხვდა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

საელჩოს თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზეც.

დილით, მაიკ პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მართავს "ცოცხალი ჯაჭვის" აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტამდე პომპეო საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება და შემდეგ ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, კატარსა და საუდის არაბეთში.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG