Accessibility links

გახარია პომპეოს: რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თბილისში, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და მტკიცე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს უწოდა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და პირადად მას და აშშ-ს მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის: „ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია“.

„ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და, რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს:

„რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი დახმარებაც პანდემიასთან გამკლავების პროცესში და „ლუგარის ლაბორატორიის“ მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს შეხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა:

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის“.

მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ და საქართველო უკვე 30 წელია შესანიშნავი მეგობრები არიან, შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს დემოკრატიულ საკითხებში და ერთად მუშაობენ ოკუპაციისგან მომდინარე სირთულეებზე:

„ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან“.

მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დადაასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანაშემწე რიკი ვადელი, სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი მერი კისსელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. საელჩოს თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზეც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტამდე პომპეო საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება და შემდეგ ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG