Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა


საქართველოს საპატრიარქოში დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით:

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 18 ნოემბერს დილიდან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მიმდინარეობს ასევე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მართავს „ცოცხალი ჯაჭვის“ აქციას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციას ორი მიზანი აქვს - სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების გაყალბებისადმი ყურადღების მიპყრობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტამდე პომპეო საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია, თბილისიდან კი ისრაელში გაემგზავრება და შემდეგ ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში.

მაიკ პომპეო აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2018 წლის აპრილიდან. 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 2021 წლის 20 იანვრიდან ქვეყანას სათავეში უნდა ჩაუდგეს დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG