Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: აშშ-ის სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა არჩევნების თემაზე „რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა“.

„ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემას. რა თქმა უნდა, აშშ უაღრესად დაინტერესებულია, რომ პროცესები გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. აუცილებელია, რომ ყველაფერი დარჩეს კონსტიტუციურ ფარგლებში. ჩვენი მხრიდან მზაობაა. ამერიკის შეერთებული შტატებიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ქვეყანაში სტაბილურობით, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკური მიმართულებით და არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სწორედ ამ კუთხით იყო საუბარი და ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, იმის თქმის საფუძველი, რომ აუცილებლად ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების დახვეწის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების კუთხით“, - უთხრა ჟურნალისტებს ზალკალიანმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაში მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არჩევნები საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესია, ხოლო აშშ მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში და დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში: „რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგანაც მხოლოდ სტაბილური განვითრებით შეუძლია ქვეყანას გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელიც არსებობს“.

საქართველოში ოპოზიციური პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

მაიკ პომპეოს ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გამართეს აქცია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG