Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი უარს ამბობს გადადგომაზე და ცვლილებების პირობას დებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას და იშრომებს იმისათვის, რომ გადაილახოს კრიზისული სიტუაცია.

ოპოზიციის მხრიდან მისი გადადგომის მოწოდებისა და ანტისამთავრობო აქციების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აპირებს ქვეყანაში მასშტაბური რეფორმების განხორციელებას, რომელზეც 2021 წლის ივნისში წარადგენს თავის ანგარიშს.

რადიო თავისუფლების სომხურის სამსახურის ცნობით, პრიორიტეტულ ამოცანებს შორის ფაშინიანმა დაასახელა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლება და ყარაბაღის სტატუსზე მსჯელობა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება, ბოლო შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფა და ომის შედეგად დაზიანებული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

17 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გამოთქვა მოწოდება, გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც წარმოიშვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად. სარქისიანი განცხადებით გამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო კონფლიქტის შედეგისთვის თავისი პასუხისმგებლობა აღიარა.

სომხეთის 17 ოპოზიციური ძალა ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფო ღალატში“ სდებს ბრალს აზერბაიჯანსა და რუსეთთან მთიანი ყარაბაღის თაობაზე ხელმოწერილი „კაპიტულანტური“ შეთანხმების გამო.

მთიანი ყარაბაღის გაშემო 27 სექტემბრიდან მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევსა და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას.

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე; აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე; გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსება დაიწყო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა.

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG