Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსი


18 ნოემბერს, კოვიდ-19-ისგან სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის სამსახურის უფროსი, თამაზ კაჭკაჭიშვილი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კოლეგების ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს პრობლემა ფილტვებიდან დაეწყო:

"მეუღლეც ავად იყო, მაგრამ განიკურნა. სიდედრსაც შეხვდა, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა. თქვეს, რომ 83 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა, მაგრამ გულმა უმტყუნაო. ორი დღის წინ დაკრძალეს. თამაზის მდგომარეობა თავიდან ძალიან დამძიმდა, მერე გაუმჯობესდა, დღეს კი ეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ექიმმა-გინეკოლოგმა კობა კაკაჩიშვილმა.

პროფესიით პედიატრი თამაზ კაჭკაჭიშვილი 61 წლის იყო. იგი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. სასწრაფოს მენეჯერის პოზიციამდე იგი ჯერ პედიატრის, მოგვიანებით კი ნარკოლოგის პოზიციაზე იყო.

18 ნოემბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. COVID-19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3443 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით 326-ით მეტია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 89 395 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2539-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 71 468.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG