Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხვდება


ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს ხვდებიან. შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არ იყო.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") ესწრებიან.

ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ, რათა მაიკ პომპეოს თანაშემწეს იმ არგუმენტების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, რის გამოც არ შედიან პარლამენტში.

"უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისთვის აუცილებელი იყო კომპრომისები, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავთ", - თქვა ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ "ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა". სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მოლოდინის მიუხედავად, იგი არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს.

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და უნდობლობას უცხადებენ ცესკოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დასახვედრად თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აქცია გამართეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით, ერთი მხრივ, პატივისცემა გამოხატეს მაიკ პომპეოს მიმართ, მეორე მხრივ კი, მას ჩატარებული არჩევნების ხარისხზე აცნობეს.

მოქალაქეებს, რომლებიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, რამდენიმე ასეულ მეტრზე ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შექმნილი, ხელში ეჭირათ ცესკოს ოქმების ანალოგი სტიკერები, რომელთაც ახლდა წარწერა "გაყალბებულია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG