Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ მეცნიერთა თანახმად, COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტმა შეიძლება წლები გასტანოს


კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი შესაძლოა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს. ამ დასკვნამდე მივიდა ახალი გამოკვლევა, რომლის შედეგებზე New York Times-ი იტყობინება.

ეს ცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ დაავადებასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, როცა მსოფლიო ელოდება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენას.

როგორც კალიფორნიის ქალაქ ლა ხოლიაში მდებარე იმუნოლოგიის ინსტიტუტში დაადგინეს, COVID-19-ით დაავადებიდან რვა თვის შემდეგაც ორგანიზმის უჯრედები საკმარისად იმუნურია, რათა გაუმკლავდეს ხელახალ ინფიცირებას. მედიკოსთა ვარაუდით, იმუნიტეტის ასეთი ნელი ტემპით კლება იმაზე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა წლების განმავლობაში იქნეს შენარჩუნებული.

„სავარაუდოა, რომ ამგვარი [იმუნიტეტით] ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის მრავალი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადების თავიდან აცილება“, განუცხადა კვლევის თანაავტორმა შეინ კროტიმ New York Times-ს.

სპეციალისტთა თქმით, ეს არის COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის სფეროში ყველაზე ფართო მასშტაბის და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევა.

ამჟამად მსოფლიოში გამალებული მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომელთაგან ორი მათგანი მინიმუმ 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. მაგრამ მედიკოსთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რამდენ ხანს გაჰყვებათ პაციენტებს COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი.

კალიფორნიის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები ემთხვევა სხვა, შედარებით მცირე მასშტაბის გამოკვლევების შედეგებს. ასევე მეცნიერები მიუთითებენ იმას, რომ პაციენტებს, რომლებმაც მონათესავე კორონავირუსით, SARS-CoV-ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული სინდრომი გადაიტანეს, 17 წლის შემდეგაც მოეპოვებათ ამ დაავადების მიმართ იმუნური უჯრედები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG