Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა განიხილავს კანონპროექტს ბელარუსის შესახებ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ოთხშაბათს განიხილავს კანონპროექტს სახელწოდებით „აქტი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სუვერენიტეტის შესახებ ბელარუსში“, რომელიც მანამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ქრისტოფერ სმითმა წარადგინა და მას ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

როგორც მისი ავტორი წერს, კანონპროექტი ეფუძნება ეუთოს მომხსენებლების დასკვნებს, რომელთა თანახმად, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს, არჩევნების შემდეგ კი ხელისუფლებამ მიმართა მასობრივ ძალადობას, რათა ჩაეხშო საპროტესტო დემონსტრაციები.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების შემოღებას ბელარუსელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აქციების ჩახშობისთვის, ასევე რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ამასთან კავშირი ჰქონდათ.

კანონპროექტი ასევე შეიცვას მოწოდებებს ბელარუსში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. მასში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო ოფიციალურად არის აღიარებული ლეგიტიმურ ინსტიტუტად, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ მოლაპარაკებებში. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ არ ცნობს ბელარუსის ჰიპოთეტურ შესვლას რუსეთთან ერთობლივ სახელმწიფოში. მასში ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და IT სექტორის მხარდაჭერის აუცილებლობა.

თუკი წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს მიიღებს, ის შემდეგ უნდა მოიწონოს სენატმა და მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG