Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ეს პოზიცია არის მყარი


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციასა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ 31 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე პარლამენტში შესვლას და ეს პოზიცია არის მყარი.

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრა იყო იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ფილიპ რიკერთან გაეცვალა მოსაზრებები ჩატარებული არჩევნების საკითხსა და ოპოზიციის გეგმების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კარგი საუბარი, ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად. ჩვენ მოვისმინეთ, ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმის შესახებ, როგორ აპირებს შეერთებული შტატები ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეკითხვაზე, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას შეეხება, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს: „ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ის უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციისა და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებსა და გაყალბებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს“.

ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ თქვა, რომ არ დარჩენილა დარღვევა, რომელიც შესაძლებელია არჩევნების დროს იყოს და არ არის მოცემული სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეფასება არჩევნების შესახებ ემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ ამ არჩევნების საფუძველზე პარლამენტში შესვლას, ეს პოზიცია არის მყარი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ოპოზიციას, ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს და უარი თქვას ბოიკოტზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადება 18 ნოემბერს, თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელიც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, კათოლიკოს-პატრიარქს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მოლოდინის მიუხედავად, ის არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს.

პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG