Accessibility links

ხუთი პარტია პასუხობს კობახიძის მხრიდან დებატებში გამოწვევას


ერთობლივი განცხადებით პასუხობს ხუთი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ოპოზიცია დებატებში გამოიწვია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო”, „ლელო”, „გირჩი” და „სტრატეგია აღმაშენებელი” პასუხობენ კობახიძეს, რომ შესაძლებელია დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.

ოპოზიციური პარტიები კობახიძეს წინასაარჩევნო პერიოდს ახსენებენ: „ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე, ოცნების წარმომადგენლებს, არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის „რუსთავი 2"-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბზე და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს.

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ".

ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციას შესთავაზა დებატები. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კონკრეტული თემა დაასახელა: „საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG