Accessibility links

logo-print logo-print

„ანარქიაში ხო ვერ შევალთ?!“ - ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს


პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი არ უნდა თქვან საპარლამენტო მანდატებზე.

შეკითხვაზე, მოქმედი ცესკო-სა და სასამართლოს პირობებში ოპოზიციას უნდა მიეღო თუ არა მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, ჩუგოშვილი პასუხობს: „მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვემორჩილებით ამ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქამდე მივდივართ. ვამბობთ, რომ რაღაც ანარქია უნდა გამოვაცხადოთ. ვთქვათ, რომ არც პოლიციას ვემორჩილებით, იმიტომ, რომ არ მოგვწონს, არც პროკურატურას და არც სასამართლოს, მაშინ, ანარქია გამოვაცხადოთ. გასაგებია, რომ არ მოგვწონს ამ ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნები, უამრავი ხარვეზია და ამაზე ვლაპარაკობთ ყველა, მაგრამ ანარქიაში ხო ვერ შევალთ?!“

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG