Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში წყლის ჭავლით დაშალეს ეპიდემიის დროს მკაცრი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია


ბერლინში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად. პოლიციაში განაცხადეს, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ დაშლისკენ მოწოდებას და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ.

ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი.

გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები ითვალისწინებს ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები.

ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს.

გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 854 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 13 400-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG