Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: პომპეომ გახარიასთან განიხილა სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილის, კეილ ბრაუნის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დემოკრატიისთვის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი როლი.

სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ეფექტური ზომების მიღება COVID-19-თან საბრძოლველად და კიბერუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. მაიკ პომპეომ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსული ოკუპაციის ფონზე.

კეილ ბრაუნის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განიხილეს უსაფრთხოების სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა.

პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლს.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა რუსული ოკუპაციის პირობებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 18 ნოემბერს, თბილისში შეხვდა. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც სახელმწიფო მდივანს ესაუბრნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და არაფორმალურ მმათველობაზე.

პომპეოს ვიზიტის გამო, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა თბილისის ცენტრში გამართეს „ცოცხალი ჯაჭვის“ აქცია 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG