Accessibility links

site logo site logo

სოფო ასათიანი: სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში ხელშესაწყობად ამერიკას 2 რამ უნდა ვთხოვოთ


სოფო ასათიანი

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორის, სოფო ასათიანის თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შეთავაზება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სოფო ასათიანმა განაცხადა, რომ, სამოქალაქო სექტორის აზრით, აშშ-ს დახმარებით გამოსავლის 2 საშუალება არსებობს:

„ორი საშუალება შევთავაზეთ. ჩვენი აზრით, ამ ჩიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსი, ანუ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება სასამართლოს რეფორმაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაძვრა ამ საკითხის იმიტომ, რომ თუ არ მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ ამხელა გამოწვევები გვაქვს სასამართლო ხელისუფლების წინაშე, პროგრესი აქ შეუძლებელია. ამიტომ საელჩოს ვთხოვეთ, ისევე როგორც აკეთებს ხოლმე სხვა პოლიტიკურ პროცესებში, იყოს ფასილიტატორი ,მოდერატორი ამგვარი შეთანხმების მიღწევის, ვინაიდან ეს საკითხია კონკრეტულად რაზეც სალჩო თავად ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს და ასე დავძრათ ეს პროცესი“, - განაცხადა სოფო ასათიანმა. მისი თქმით, სასამართლო სისტემის ჩიხიდან გამოსვლის მეორე საშუალებაა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ნებისმიერი დახმარების წინაპირობად აქციოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება:

„ამას როგორც წესი ამერიკის ხელისუფლება აკეთებს ხოლმე სხვადასხვა შეთანხმებაში. წინაპირობას დებს, რომ კონკრეტული დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გაიცემა, რაც სახელმწიფო შეასრულებს კონკრეტულ ვალდებულებებს და კანონის უზენაესობის ჭრილში სასამართლოზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არც არსად არ არსებობს.

ეს იყო ის ორი გამოსავალი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ ამერიკას. დანარჩენი არის საკითხები, რასაც შიგნიდან უნდა მიეხედოს“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სოფო ასათიანმა, რომელიც ერთ-ერთი იყო სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლთაც 18 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან სასამართლო სისტემაზე გამართულ შეხვედრაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. იგი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც სახელმწიფო მდივანს ესაუბრნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და არაფორმალურ მმართველობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG