Accessibility links

გაგამარუმ სპორტული კარიერა ოფიციალურად დაასრულა


სუმოისტმა თეიმურაზ (გაგა) ჯუღელმა სპორტული კარიერა დაასრულა. გაგამარუს საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი რიკიში, მძიმე ტრავმის გამო მიღებული იძულებითი გადაწყვეტილების შესახებ „რადიო თავისუფლებას“ სამი თვის წინ ესაუბრა. გუშინ კი ფეისბუქის პირადი გვერდით გაავრცელა განცხადება.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 15 წლიანი გულშემატკივრობისთვის. იყო ბევრი გამარჯვება, ბევრი დამარცხება, მაგრამ თქვენი გულშემატკივრობა იყო ის, რაც ყოველთვის მაძლიერებდა, მამხნევებდა და მუდამ შემართებით მაბრუნებდა დოჰიოზე. 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ჩემი პირველი ბაშო და ზუსტად 15 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მომიწია სპორტიდან წასვლა. ვთლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ფეხზე წამოდგომას და ჩემი ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და ყოველთვის“ - დაწერა გაგამარუმ.

თეიმურაზ ჯუღელის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2005 წელს შედგა. 2010-2017 წლებში, სტაბილურად გამოდიოდა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში. ორჯერ მიიღო მებრძოლი სულის გამოვლენისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი კანტო-შო. ერთხელ ბაშოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა და მიიღო კომუსუბის წოდება. 2015 წლის მაისის ბაშოზე ქართველმა გოლიათმა, რომელიც მე-6 მაეგაშირა იყო, მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დაამარცხა და ოქროს ვარსკვლავი (კინბოში) დაიმსახურა. ბოლო წლებში გაგამარუ მუხლის მძიმე ტრავმის გამო ვეღარ ახერხებდა დოჰიოზე ასვლას და კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც იძულებით მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG