Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილი: პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის პოზიცია ცხადზე ცხადია და “ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს“.

ნათელაშვილმა ელჩთან საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა. მედიის შეკითხვას, რატომ დაიწყეს უცხოელმა დიპლომატებმა ოპოზიციის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა, შალვა ნათელაშვილმა უპასუხა, რომ „კონსულტაციები ითვალისწინებს ცალ-ცალკე რეჟიმსაც და ასე ვთქვათ, კოლექტიურ ფორმატსაც“ და რომელს აირჩევენ მასპინძლები, ეს მათი გადასაწყვეტია. ნათელაშვილის განცხადებით, ელჩებს იმიტომ არ ხვდებიან, რომ ოპოზიცია ვინმემ დათმობაზე წაიყვანოს.

ლეიბორისტების ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდნარე და ხალხის დავალებით მოქმედებს: „ჩვენი ხალხის დავალება არის რა? - რომ ხელისუფლება შეიცვალა, ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48% აიღო, შესაბამისად მთავრობა არ შეიძლება შეადგინოს მან. ვინაიდან ის უარს აცხადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არშესვლა, რაც ნიშნავს პარლამენტს დაშლას. თუ ვინმე შეეცდება ამ უკანონო ორგანოს შეკრებას, მის ამუშავებას და პარლამენტის დარქმევას, შედეგები იქნება ძალიან მძიმე მისთვის, ვინც ამას გააკეთებს“.

ჟურნალისტების შეკითხვას, რით არწმუნებენ დიპლომატებს ახალი არჩევნების აუცილებლობაში, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ „პოსტულატი, რომ ქვეყანაში არის განმეორებითი დემოკრატიული არჩევნები ჩასატარებელი ჟვანიებისა და სხვა ფალსიფიკატორების გარეშე, იცის არა მარტო პატივცემულმა ელჩმა, არამედ ლამის მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ“.

შალვა ნათელაშვილის სიტყვებით, „ალბათ, ერთი ჩიკოტალო იყო მანიაკი, მკვლელი ცნობილი მსოფლიოსათვის რომელმაც 54 ბავშვი მოკლა და მეორე უკვე ქალბატონი ჟვანიაა ცნობილი, რომელმაც საქართველო მოკლა არაერთხელ ივანიშვილის დავალებით. ოღონდ მოკლა საარჩევნო წესით, ყელში წაჭერით“.

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა თქვა, „პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკო-ს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG