Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით მრელაშვილი: აუცილებელია დალაგდეს ბინაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის მოდელი


დავით მრელაშვილი
დავით მრელაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ტელენევროლოგის, დავით მრელაშვილის თქმით, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობის მიზნით, აუცილებელია დალაგდეს ბინაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის მოდელი, რათა პაციენტს ექიმთან წვდომა მაქსიმალურად ოპტიმალურ პირობებში, ნებისმიერ დროს ჰქონდეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დავით მრელაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობაა ავტომატიზებული ონლაინ-რეჟიმი, რომელიც მისი დახმარებით ამ ეტაპზე კახეთში ინერგება. ესაა მოდელი, როდესაც ექიმი ბინაზე მყოფი პაციენტის მართვას ვიდეო-კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს.

ამ მოდელის უპირატესობაზე საუბრისას, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დავით მრელაშვილმა განაცხადა, რომ სახლში მყოფი პაციენტების მართვის გაუმჯობესებით მთლიანად სისტემის მუშაობა გაუმჯობესდება:

„მე ამ მთლიან პროცესს ვუყურებ, როგორც თანამიმდევრული პროცესების ჯაჭვს. რგოლებს, რომლებიც ერთმანეთზეა აკინძული. ერთ-ერთ რგოლშიც რომ მოხდეს შეფერხება, ან ინფორმაციული შეგუბება ეს გადაეცემა შემდეგებს იმიტომ, რომ აქ პროცესები არის თანამიმდევრული და არა პარალელური. პარალელურ პროცესებში როცა ერთ-ერთი გაიჭედება, დანარჩენები მოძრაობს ისევ. ამ ჯაჭვის შეგუბების ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი რო გავაანალიზე, არის სახლში მყოფი პაციენტები და ძირითადი არა მარტო რაოდენობით, ყველაზე მეტია, არამედ მათი დალაგება სიტუაციის დალაგება და სისტემის დალაგება შედარებით ადვილია, ვიდრე სტაციონარში მძიმე პაციენტების. და ამ რგოლს თუ მაქსიმალურ ოპტიმიზაციას გავუკეთებთ, რომ ეს რგოლი აღარ ტვირთავდეს ყველაფერს დანარჩენს, და ისე გავაკეთებთ რო, ყველა მსუბუქი და საშუალო პაციენტის ბინაზე მკურნალობა მოხდეს, მე ვფიქრობ, რომ სტაციონარს გაცილებით გაუადვილდება“, - განაცხადა დავით მრელაშვილმა „დილის საუბრებში“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 894-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 768 შემთხვევა. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თებერვლიდან დღემდე სულ აღრიცხულია 96 860 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4055-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 77 932.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG