Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" 21 ნოემბერს "სირცხვილის დერეფნებს" აღარ მოაწყობს


"ნაციონალური მოძრაობა" 21 ნოემბერს, როცა საქართველოს 17 ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, "სირცხვილის კორიდორებს" აღარ მოაწყობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

"ჩემი აზრით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ყოველდღე უნდა გადიოდეს სირცხვილის დერეფანს. ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც არჩევნების გაყალბებისა და ამ კრიმინალური აქტის მონაწილეა. ყოველდღე უნდა გადიოდნენ ისინი ამ გზას. ჩვეულებრივ ადამიანებთან მე არ ვარ ამის მომხრე", - თქვა დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობა", სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში შესვლას. პარტია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე რამდენიმე დღის წინ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს "სირცხვილის კორიდორებში" გატარებას დაჰპირდა.

იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაანონსებული "სირცხვილის კორიდორები" გააუქმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ თქვა, რომ ოპოზიცია ამ აქტივობას გეგმავს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე", - თქვა მან დაანონსებული აქტივობის გაუქმების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG