Accessibility links

logo-print logo-print

კორნელი კაკაჩიას თბილისის კლინიკა მიიღებს - ის რუხის საავადმყოფოდან გადაჰყავთ


"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორს კორნელი კაკაჩიას, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თბილისის კლინიკა მიიღებს.

კონკრეტულად რომელ კოვიდმიმღებ კლინიკაში მოათავსებენ, ინფორმაციას არ ფლობს რუხის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია.

მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პაციენტის გადაყვანა მოხდა მისი სურვილის შესაბამისად. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის თქმითვე, კორნელი კაკაჩიას აქვს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა, თუმცა ჯერჯერობით არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას:

„იყო ჟანგბადდამოკიდებული, ფილტვის დაზიანების ხარისხი მაღალია, მაღალი ცხელებით. ერთი კვირის განმავლობაში იყო ჩვენთან. მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ამიტომ გადაყვანა მოითხოვა. აპარატზე გადასაყვანი და სარეანიმაციო ნამდვილად არ იყო. ამის საჭიროება რომ ყოფილიყო, ადგილზე აპარატიც გვაქვს და ყველაფერი, რაც საჭიროა“, - განაცხადა ნინო აკობიამ.

თავად კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც დედაქალაქში გადაყვანა თავად მოითხოვა.

19 ნოემბერს პოლიტოლოგმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „მეგობრებო, ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა. დედას, რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, დაუდგინდა Covid-ი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა სულ უფრო რთულადაა. ბოლო ექვსი დღე ზედიზედ მაღალი სიცხე - 39. სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია)“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG