Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი - პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის


საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დადებითად აფასებს პარტიების მცდელობას, აწარმოონ დიალოგი გამოსავლის მოსაძებნად. ამის შესახებ მან მედიასთან საუბარში განაცხადა, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე.

„ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი, რომ პარტიები კვლავაც მუშაობენ ერთად და გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. მე ვფიქრობ, ეს უაღრესად პოზიტიურია, რომ ისინი ერთად მოდიან. პრობლემის გადაჭრა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ევროკავშირისთვის კი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის. ისინი ეძებენ გადაჭრის გზებს, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამას, სანამ მათ ექნებათ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG