Accessibility links

ბათუმში "სუს-ის მიერ დაორგანიზებული პროვოკაციით" ახსნეს "სირცხვილის კორიდორებზე" უარი


21 ნოემბერს ბათუმში აღარ მოეწყობა საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი საპროტესტო აქციები და „სირცხვილის კორიდორები“. საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუს) „აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად“.

„ზუსტად ვიცით, რომ პოლიცია გაიწევს და სუს-ის მიერ დაორგანიზებული ჯგუფები ქალაქში პროვოკაციას მოაწყობენ. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და აქცია, რომლის მოწყობას ხვალ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად ვაპირებდით ტრანსპარანტებით ხელში, ასევე ვაპირებდით რამდენიმე გამყალბებლისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას, აღარ გაიმართება“, - თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა გუშინ და დღესაც თბილისში განაცხადა, რომ „სირცხვილის კორიდორების“ აქცია აღარ გაიმართება, თუმცა, „სუს-ის პროვოკაცია“ არ უხსენებიათ.

21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური გაიმართება ბათუმის 28-ე და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს 30-ე საარჩევნო ოლქებში. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატები გავიდნენ. ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი, სხვა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მსგავსად, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.

ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციონერი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში არიან, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურების მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG