Accessibility links

logo-print logo-print

ზურა ჯაფარიძე: ჩანს მცდელობა, რომ მესამე რაუნდისთვის დადგეს შედეგი


პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ფასილიტატორების ძალისხმევა მიმართულია მოლაპარაკების მესამე რაუნდისკენ, რათა მასზე დადგეს კონკრეტული შედეგი.

„არანაირი გზავნილები არ ყოფილა, ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ რაიმე გზავნილები მიგვეღო ჩვენ. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე შთაბეჭდილება დამრჩა, ეს იყო შეხვედრები, რომელსაც მართავენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის ელჩი იმისთვის, რომ მოამზადონ მოლაპარაკების მესამე რაუნდი და ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ სცადონ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში და, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას ესაუბრებიან და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, სცადონ პოზიციების დაახლოება, რათა მესამე რაუნდი როდესაც შედგება, ამ მესამე რაუნდს ჰქონდეს რაღაც კონკრეტული შედეგი“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე,

მისი სიტყვებით, მესამე რაუნდით შეიძლება მოლაპარაკებები არ დასრულდეს, მაგრამ ნაბიჯი წინ გადაიდგას.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG