Accessibility links

site logo site logo

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმება შესაძლებელია უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოს მიუხედავად


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ ჩიხში შესულ მოლაპარაკებებზე საბოლოოდ მიღწეული იქნება შეთანხმება, მიუხედავად უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოსი. ლაპარაკია ევროკავშირის გეგმაზე, დაფინანსება გახდეს კანონის უზენაესობაზე დამოკიდებული.

„შესაძლებელია სხვადასხვა სახის რეზოლუცია, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია“, განაცხადა ორბანმა 20 ნოემბერს რადიოინტერვიუში.

უნგრეთისა და პოლონეთის მემარჯვენე მთავრობებმა 16 ნოემბერს ვეტო დაადეს ევროკავშირის შორი პერსპექტივის ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1,8 ტრილიონი ევროა. კავშირში ამ ორ ქვეყანას გამორჩეულად აკრიტიკებენ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გამო.

როგორც ვარაუდობენ, უნგრეთისა და პოლონეთის ვეტო შეაფერხებს ფონდების გამოყოფას კორონავირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად.

ორბანის თქმით, ორი ქვეყნისთვის მისაღები გამოსავალი სამართლებრივი ასპექტების საფუძველზე უნდა იქნეს მიღწეული და არა პოლიტიკური უმრავლესობისა. დეტალებზე მას არ უსაუბრია.

ორბანმა თქვა, რომ დაფინანსებაში კანონის უზენაესობის კრიტერიუმის გამოყენება წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ „იარაღს“ ევროკავშირის იმ ქვეყნების „შანტაჟისთვის“, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიგრაციას.

ამავე დროს, ორბანმა აღიარა, რომ ევროკავშირის უმეტესი წევრი მიგრაციის მომხრეა და თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, კავშირს შეუძლია აიძულოს უნგრეთი, მიიღოს მიგრანტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG