Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეებისთვის სტაბილური პოლიტიკური მმართველობის შეთავაზების შესაძლებლობაა.

„2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებამ ცხრა პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს", - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განაგრძოს.

„ნაცვლად იმისა რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე - რა პრობლემების და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ", - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 20 ნოემბერს დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG