Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ცნობით, 17 მოქალაქე ჰყავდა მძევლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდამსხმელს


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის" ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმელის 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტრო აცხადებს, მას თავდაპირველად 17 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი.

განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიარაღებული თავდასხმის შესახებ.

თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თქვა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და პოლიციის სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა. შეიარაღებული თავდამსხმელი კი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG