Accessibility links

გიორგი გახარია: არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში არჩევანი გააკეთა იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, პოლიტიკოსებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში გადაინაცვლოს.

„ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბანზე მისცა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარია, ხოლო „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებიდან“ შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG