Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

II ტურში არჩევნებზე 26.29% მივიდა, I ტურში 56.11%


ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევში - 20.04%.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ამომრჩეველი იყო.

2020 წლის მეორე ტურის ამომრჩეველთა აქტივობა 10%-ზე მეტით ნაკლებია 2016 წლის არჩევნების მეორე ტურის აქტივობასთან შედარებით - ცესკოს მონაცემებით, 2016 წელს არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 37.5% იყო.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა და მას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა, შესაბამისად, ოპოზიციის მონაწილეობა მაჟორიტარულ ოლქებში ფიქტიური იყო, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატები კი უკონკურენტო ვითარებაში იმყოფებოდნენ. 21 ნოემბერსვე ქუთაისში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG