Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია - "კი გავხდით პარლამენტის წევრები, მაგრამ ის პარლამენტი არ არის. იქ შესვლა უხერხულია"


„ახალს სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვი, ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე", - აცხადებს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია პოლიტიკური დიალოგის მორიგი რაუნდის წინ.

ის მიიჩნევს, რომ დიალოგის ხელშემწყობი დიპლომატების მოწოდებები „ქართული ოცნებისკენ“ არის მიმართული:

„მე და ჩემი პარტია ვართ ძალიან კონსტრუქციული ამ მოლაპარაკებების დროს, ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიცია.

ეს სიტყვები, რომლითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც წესი, მოგვიწოდებენ, ჩემი აზრით, უფრო მიმართულია ხელისუფლებისკენ.

მე არასდროს მითქვამს საქართველოს პარლამენტში შესვლა არ მინდა. პირიქით - მინდა შესვლა, არაფერი სახვეწარი არ მჭირს, უბრალოდ, სადაც გვეპატიჟებიან, ის ადგილი მართლა პარლამენტი უნდა იყოს. ამ ქვეყანაში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის მერე, მივიღეთ პარლამენტი, სადაც შესვლა უხერხულია.

4 წელი ვცდილობდით საქართველოს პარლამენტში შევსულიყავით. „გირჩი პარლამენტში!“ გვქონდა სლოგანი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარლამენტი მოიპარეს. კი გავხდით პარლამენტის წევრები, მაგრამ ის პარლამენტი არ არის. იქ შესვლა უხერხულია და იცით, საზოგადოების წნეხი როგორი მოდის - ფეხი არ უნდა შეგიცდეს პარლამენტში, რადგან ადამიანები მიხვდნენ, სინამდვილეში რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ და არც არაფერს აკეთებს მის გამოსასწორებლად.

ამიტომ შევედით ჩიხში, სადაც ოპოზიცია არაფერ შუაშია. ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციული და პირველივე დღიდან არჩევნების შემდეგ, კი იყო ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ღია იყო ლაპარაკისთვის სულ. ხელისუფლება არ იყო ღია ლაპარაკისთვის“.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მაჟორიტარებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი საბჭოთა კავშირის დროინდელ დეპუტატებს ადარებს:

„ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს მიერ არჩეული 30 მაჟორიტარი მაჟორიტარი არ არის. ჩვენი მაჟორიტარები არიან ისე შერჩეული, როგორც საბჭოთა კავშირში მეჩაიე დეპუტატებს არჩევდნენ - ვიღაცის გემოვნებით და ერთპარტიულად“.

22 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინირებით გაავრცელა "კომენტარი". ტექსტში ვკითხულობთ: „იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG