Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან სალაძე - "უახლოეს ორ ან სამ თვეში არჩევნების ჩატარება არარეალისტური მგონია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს"


საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მალე შეჯამდება და ამით არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი დასრულებულია და გადაწყვეტილებები პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება იყოს მიღებული:

"ახლა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და გადაწყვეტილებები უნდა იყოს პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღებული, რადგან სამართლებრივად რა და როგორ არის, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომელიც ერთი მხრივ აქვს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებზე დაყენებული და მეორე მხრივ - ოპოზიციას.

რეალურად, სამართლებრივად ეს საკითხი არ არის მარტივად მოგვარებადი, თუ ამ ყველაფერს თან არ ახლავს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ცხადია, ყველაფრის შეცვლა შეიძლება: თუ მმართველი პარტია დაეთანხმება ოპოზიციას, რომ დიახ, უნდა შეიცვალოს ცესკოს დაკომპლექტება (არა მარტო შემადგენლობა, არამედ დაკომპლექტების წესი უფრო მნიშვნელოვანია შეიცვალოს, ვიდრე შემადგენლობა ცალკე აღებული, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს), ისევე როგორც, ვთქვათ, განისაზღვროს ახალი არჩევნების თარიღი. ეს არის საკითხები, რაზეც შეიძლება მსჯელობა.

თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, პრაგმატულადაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, უახლოეს ორ თვეში ან სამ თვეში არჩევნების ჩატარება არარეალისტური მგონია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: კოვიდი, პოლიტიკური ფინანსები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, "ქართული ოცნების" და "ლელოს" გარდა, არ აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩაატაროს. ზამთარი - ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ნახეთ, რომ მეორე ტურზეც კი რიგი უბნები დაგვიანებით გაიხსნა. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ შეთანხმდეს მმართველი პარტია და ოპოზიცია, რომ დიახ, ახალი არჩევნები გვინდა და დაგეგმოს ორი თვის შემდეგ, ვინმე იტყვის, რომ თებერვლის ბოლოს ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ხულოს სოფლებში, მესტიაში ჩაატარებს არჩევნებს ან კამპანიას აწარმოებს? ძალიან რთული იქნება. არ არის ეს ასე მარტივი, როგორც ამბობენ. და, ორ თვეში ცესკოს შედგენის წესი შეიცვლება და დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით? ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია.

მესმის, რომ პოლიტიკოსებს უნდათ, ძალიან მალე მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ამ სიჩქარეში ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ თუ შეთანხმების საფუძველი არსებობს რაღაც საკითხებზე, ისეთ რამეზე შეთანხმდეთ, რომ უფრო ბევრი რამე დარჩეს გაურკვეველი, ვიდრე შეთანხმებული".

სულხან სალაძე აგრეთვე თვლის, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს სასამართლოც:

"ჩემი აზრით, ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებში მხოლოდ ცესკოზე არ უნდა საუბრობდეს. დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს, მათ შორის, სასამართლოც, რადგან ახლა შეიძლება ყველაზე მეტი შანსი იყოს რაღაც დიდი და გლობალური შეთანხმების, ვიდრე პარლამენტში როცა ეს გახდება რუტინული დისკუსიების და განხილვის საგანი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG