Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის გუნდმა წარადგინა კანდიდატები საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უშიშროების სფეროებში


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავის დიდი ხნის მრჩეველს და ვეტერან დიპლომატ ენტონი ბლინკენს წარადგენს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - აცხადებს ბაიდენის გარდამავალი გუნდი 23 ნოემბერს. ამავე დღეს გამოცხადდნენ უშიშროების და საგარეო პოლიტიკის სფეროების სხვა კანდიდატებიც. ამ განცხადებებით დადასტურდა ცნობები, რომლებსაც აშშ-ის მედია წინა დღეებში ავრცელებდა დანიშვნების შესახებ.

24 ნოემბერს ჯო ბაიდენი თავად გააკეთებს განცხადებას კანდიდატების თაობაზე.

სენატის მიერ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ბლინკენის მოვალეობა იქნება ამერიკის დიპლომატიის და გლობალურ პოლიტიკაში ჩართულობის განახლება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "პირველ რიგში ამერიკად" წოდებულმა პოლიტიკამ მოიტანა საერთაშორისო ინსტიტუტების უგულებელყოფა და უთანხმოება როგორც მოკავშირე, ისე მეტოქე ქვეყნებთან.

ბაიდენის და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი გახდება უშიშროების საკითხებში.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახდება პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში და უშიშროების საბჭოს მუშაობაშიც მიიღებს მონაწილეობას.

გაეროში ელჩად წარდგენილია ლინდა ტომას-გრინფილდი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად კი დასახელდა ევრილ ჰეინსი, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობაზე დასახელდა ალეჰანდრო მაიორკასი, რომელიც სამხრეთამერიკული წარმოშობის პირველი პირი იქნება ამ პოსტზე. ეს სამინისტრო ხელმძღვანელობს მნიშვნელოვან სამართალდამცავ სტრუქტურებს და საიმიგრაციო სააგენტოებს.

კაბინეტის ყველა თანამდებობაზე კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG