Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ში იწყება ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცესი


აშშ-ის საერთო სამსახურების ფედერალური სააგენტოს(GSA) ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეატყობინა, რომ შეუძლია ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრები და რესურსები.

ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფორმალურად პირველად აღიარა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ბაიდენის გუნდში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაიწყებენ კორონავირუსის პანდემიასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

მერფის მიერ ბაიდენისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს ტვიტერზე გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამი. მან ემილი მერფის მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგულებისთვის. ტრამპი წერს, რომ მერფის დევნიდნენ, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ და არ სურს, რომ მას, მის ოჯახს, ან GSA-ს თანამშრომლებს ეს შეეხოს.

ჯო ბაიდენის აშკარა გამარჯვების მიუხედავად, ემილი მერფი ბოლო დრომდე უარს ამბობდა ხელისუფლების გადაცემის პროცედურის დაწყებაზე. მერფის მტკიცებით, მასზე თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, კანონის და ფაქტების საფუძველზე იღებდა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი შეტყობინება, რომლის თანახმად, ბრძოლა გრძელდება და გამარჯვების სჯერა, თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ემილი მერფის ურჩევს საწყისი პროტოკოლებით იმოქმედოს და იგივეს ურჩევს საკუთარ გუნდსაც.

დონალდ ტრამპმა, რომელიც მყარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო, თუმცა, უკვე არსებული შედეგები ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ტრამპის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG