Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: რაოდენობა - 3128 გთხოვთ, რომ ნუ დაგვამშვიდებს


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, წინა დღეებთან შედარებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირებული რაოდენობა არ შეესაბამება ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მასშტაბს.

„დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა. გუშინ და გუშინწინ ტესტირების რაოდენობა, PCR-ის და ანტიგენის ერთად აღებული, გვქონდა სადღაც შვიდიდან რვა ათასის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში, ერთად აღებული გვაქვს 12-13 ათასის ფარგლებში. ამიტომ, ეს რაოდენობა - 3128, გთხოვთ, რომ ნუ დაგვამშვიდებს, იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში“, - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

ამირან გამყრელიძის თქმით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება პიკი. მისი განმარტებით, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტი ყოველკვირეულად აახლებს პროგნოზს, მათ შორის, საქართველოს შესახებაც და ამ ინსტიტუტის გათვლებით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება შემთხვევათა ზრდა(პიკი) და თუ არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო არ გამკაცრდა, პიკი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს და უახლოესი ორი დღის განმავლობაში შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG