Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს 10 დიდი ქალაქის სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება


თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამით საბჭომ შეცვალა 3 ნოემბრის თავისივე გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ზემოჩამოთვლილ 10 ქალაქში დისტანციური სწავლება 25 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო.

საკოორდინაციო საბჭოს 24 ნოემბრის სხდომის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე 10 ქალაქში დისტანციური სწავლების შესახებ გადაწყვეტილება შეეხება ყველა კლასის მოსწავლეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში და იგი მიღებულია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით.

ამავე გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 92 215. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1051-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG