Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე აირჩიეს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად


სოფო კილაძე
სოფო კილაძე

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აირჩიეს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად.

კახა იმნაძე მადლიერებას გამოთქვამს გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ, ვინც კილაძეს მხარი დაუჭირა.

საქართველოში მოქმედმა 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ივნისში მიმართა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, არ აერჩია სოფო კილაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდენ, რომ სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენით და, ამავდროულად, მისი კანდიდატურის დასახელებისას სახელმწიფომ დაარღვია გაერო-ს რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს:

„ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით“, - აღნიშნავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი პოზიცია ცნობილი უნდა ყოფილიყო კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოფიო კილაძეს არც უშუალოდ ბავშვის უფლებების სფეროში აქვს გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა. ორგანიზაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ასევე მის დამოკიდებულებაზე სამოქალაქო სექტორთან:

„სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ", - აღნიშნული იყო განცხადებაში.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში მალევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოფო კილაძეს შორის დაპირისპირების თემას.

დიპლომატმა შეშფოთება გამოხატა სოფო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG