Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს "დივნიდან მსჯელობის" ნაცვლად აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზეს


რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში
რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს აფხაზეთში იწვევს და მისი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სთავაზობს.

კოვე ტვიტერზე გამოეხმაურა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსების კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსის შეფასებას, რომ საქართველოში აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“, უკრაინაში ყირიმი და მოლდოვაში დნესტრისპირეთი არიან იმის მაგალითები, თუ როგორი „სტაბილურობა“ მოაქვთ რუსეთის სამშვიდობო ძალებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ამ კომენტარის საპასუხოდ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ბატონ ლინკევიჩიუსს იწვევენ აფხაზეთში, რათა სიტუაცია რეალურად შეაფასოს და დივანზე მჯდომმა არ იმსჯელოს. დაურ კოვეს თანახმად, რუსი მშვიდობისდამცველების წყალობით ხერხდება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. დე ფაქტო მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.

საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამშვიდობო ძალები 90-იან წლებში განთავსდნენ შეიარაღებული კონფლიქტების განმუხტვის „მისიით“. დღეს ორივე რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და იქ რუსული სამხედრო ბაზებია გახსნილი. საკუთარი სახლებიდან გამოდევნილია 300 000-ზე მეტი ადამიანი. რუსეთს აღიარებული აქვს საქართველოს ორივე რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG