Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს პროფკავშირები თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების "ურთულეს სიტუაციაზე" საუბრობს


მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ურთულესი სიტუაცია შეიქმნა, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია ინფიცირებულების კონტაქტებს არ იძიებს.

"რამაც გამოიღო შედეგი და, როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - ვკითხულობთ სატრანსპორტო კომპანიის პროფკავშირების, "ერთობა 2013"-ის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა ნაწილს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მეტროში მუშაობის დროს მიუვიდათ.

თანამშრომლები მეტროს ადმინისტრაციას სთავაზობენ:

  • სამუშაო საათების 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, რამდენიმე საათით შემცირებას;
  • მემანქანეების 10-10-დღიანი ცვლებისა და ე.წ. კლასტერების გაკეთებას.

"გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა", - აღნიშნავენ თანამშრომლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეუძლებელია ე.წ. კლასტერების გაკეთება, რადგან შემცირდება მატარებლებს შორის ინტერვალი, რაც გაზრდის მგზავრთა ნაკადსა და ვირუსის გადადების რისკებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 250 მემანქანიდან, დღევანდელი მდგომარეობით, 20-ია ინფიცირებული - მეტრო კი გაჩერების საფრთხის წინაშე არ დგას.

"როგორც კი საკვანძო პოზიციაზე (მემანქანეები, კონდუქტორები, მძღოლები, კონტროლიორები და ა.შ.) მომუშავე თანამშრომელს რაიმე სიმპტომი უფიქსირდება, კომპანიის ხარჯებით შეუძლია მას ტესტირება ჩაიტაროს", - აცხადებენ კომპანიაში.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს 7 დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. მეტროც შემცირებული გრაფიკით მუშაობს და 22:00 საათზე იკეტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG