Accessibility links

site logo site logo

"ქალთა მოძრაობა" გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს


„ქალთა მოძრაობა“ პარლამენტს ღია წერილით მიმართავს კანონმდებლობაში გაუპატიურების დეფინიციის შეცვლის მოთხოვნით. წერილში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა. ამის მიზეზად „ქალთა მოძრაობა“ ასახელებს ამ მიმართულებით პრობლემურ კანონმდებლობას და პრაქტიკას, რომელიც თანხვედრაში არ მოდის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს”, - აღნიშნავენ „ქალთა მოძრაობაში“ და მოითხოვენ, რომ გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის არარსებობის ელემენტი შევიდეს.

„საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას კვლავ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით. სხვა სქესობრივი დანაშაულები კი ურთიერთიერთადამფარავი და ბუნდოვანია, რაც, არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად, პრაქტიკაში ხშირად იწვევს: 1) ფიზიკური დაზიანებებისა და დამნაშავის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შემთხვევაში გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას; 2) გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით (მ. 139) და დამნაშვისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.

"ქალთა მოძრაობა" მოვითხოვთ დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

- შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

- თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით”, - აღნიშნულია „ქალთა მოძრაობის“ ღია წერილში.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG