Accessibility links

logo-print logo-print

ბაქრაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში „ევროპული საქართველო" მზად არის სამუშაო ჯგუფში თანამშრომლობისთვის


აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება არ და ვერ იქნება იმაზე, „მოდი დავივიწყოთ არჩევნების გაყალბება და შევიდეთ პარლამენტში“. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, შეთანხმების თემა შეიძლება იყოს ქვეყანაში საზოგადოების გამთლიანება და ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება ხალხის და არა თამარ ჟვანიას მანდატი.

„საუბარი არის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც განმუხტავს კრიზისს, რომლიდან გამოსვლის გზაზე ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ მაქსიმალური თანამშრომლობის რეჟიმში“, - თქვა ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, ამისთვის არსებობს მოქმედი კონსტიტუციური მექანიზმები, მაგალითად, მთავრობისთვის ნდობის ხელოვნურად არგამოცხადება.

დავით ბაქრაძის თქმით, საჭირო არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომ შეიცვალოს გარემო, მათ შორის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. მას ამ საკითხის განსახილველად ესახება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობა და არა პარლამენტში შესვლა.

„როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის (რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც არ ვაღიარებთ) უმრავლესობასთან. პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალონ კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისი“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დეპუტატის თქმით, დეტალები არის მოლაპარაკებების თემა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მანამდე ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები. მათი თქმითაც, ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარდა მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. პარტიების წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს უცვლელი პოზიციებით ტოვებდნენ.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG